logo
ENG



"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება

08 აპრ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტთან დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. 

აქციის ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება არიან. მათ მიერ ორგანიზებული აქცია გასულ შაბათსაც გაიმართა. 

დღევანდელ აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარე გრიგორიადისს.

"გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს! - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა